„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, არცერთი წუთი დასაკარგი არ არის და მოსახლეობამ პარტიული ინტერესები უნდა დაივიწყოს, რადგან საქართველო გადასარჩენია.
„მე მინდა, საგანგებოდ, მივმართო საზოგადოებას - ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გვერდით გადადეთ იმიტომ, რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შვილების ბედი თითოეული ქართველის ხელშია. ახლა შვიდს 25 წუთი აკლია და ვინც ჯერ კიდევ სახლში ხართ, გამოდით გარეთ! გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დავიწყოთ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ! არცერთი დღე, არცერთი საათი და წუთი დასაკარგი არ გვაქვს. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში საუბრობენ და გარკვეული ხედვები აქვთ, მაგრამ თქვენ ყველა პარტია უნდა დაივიწყოთ. ყველაზე დიდი პარტია ახლა ჩვენი სამშობლოა და ის გადასარჩენია. ჩვენი ქვეყანა იღუპება. ყველაფერი დანარჩენი, რასაც შემოგაჩეჩებენ, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ინტერესებს ემსახურება. ეს ბრძოლა გამარჯვებამდე ქართველ ხალხთან ერთად უნდა მოვიპოვოთ. არავინ დარჩეთ სახლში და ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძოლოთ პუტინისტების წინააღმდეგ!“ - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.