რომან გოცირიძე - პარლამენტში უნიკალური მოვლენის მომსწრენი ვართ, უმრავლესობის წევრებს გამოსვლა არ უნდათ, გრცხვენიათ - გადით კორიდორში, გრძელი კიბეებია, დაგორდით, ვინც ხელს მოიტეხს, სასწრაფო წაიყვანს და უბედნიერესი იქნება

რუსეთში, ადამიანები, რომელთაც არ უნდათ, „ჩმობიკებად“ გაიწვიონ, [კიბიდან] გორდებიან - ვიღაც თავს დაიმტვრევს, ხელს მოიტეხს ან ფეხს და არ მიჰყავთ ჯარში - მე, კენჭისყრამდე ერთი საათი დარჩა და თქვენ გირჩევთ, გადით კორიდორში, დაგორდით და ვინც ხელს მოიტეხს და სასწრაფო წაიყვანს, ის უბედნიერესი ადამიანი იქნება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხდომაზე სიტყვითაც არ გამოდიან, რადგან „კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის მხარდაჭერას“.

„საქართველოს პარლამენტში უნიკალური მოვლენის მომსწრენი ვართ, ასეთი რამ არასდროს მომხდარა - უმრავლესობის წევრებს გამოსვლა არ უნდათ, გასაგებია, რატომ არ უნდათ. არ უნდათ, რადგან კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის მხარდაჭერას. კარგად იციან ევროპის პოლიტიკური ლიდერებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც საუბარია, რომ ყველანი პერსონალურად აგებენ პასუხს ამ კანონის მხარდაჭერისთვის. ამ სიტყვების უკან რა იმალება, კარგად იცით - იმალება ის, რომ ვერ შეხვალთ ევროპაში, ვერ შეხვალთ ამერიკაში, ევროპასა და ამერიკაში კი ზოგს ბინა გაქვთ, ზოგს - ბიზნესი. ამავე დროს გრცხვენიათ და რა თქმა უნდა, გეშინიათ ამ ევროპული სიკეთეების დაკარგვის. „ხალხის ძალის“ იმედი გაქვთ, რომლებიც თქვენი უმრავლესობის ნაწილია, ეს ხალხი საზარბაზნე ხორცია, რომელსაც ამოფარებული ხართ, როგორც რუსული არმია, „ვაგნერი“ რომ შედის უკრაინაში, პირველს გაწირავენ, მაგრამ მეორე ეშელონში მაინც უწევთ მისვლა. რადგან უკრაინის ომი ვახსენე - იცით, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია რომ ხდება, ამ ადამიანებს „ჩმობიკებს“ უწოდებენ, ვინაიდან „ჩმობიკი“ რუსულად ნაწილობრივ მობილიზაციას ნიშნავს, თუმცა ჩმორთანაც ასოცირდება. ამიტომ ეს სიტყვა - „ჩმობიკები“ დამკვიდრდა ხმარებაში. რუსეთში ადამიანები, რომელთაც არ უნდათ, რომ „ჩმობიკებად“ გაიწვიონ, იცით, რას აკეთებენ? დადგებიან სართულზე სადარბაზოში, დაგორდებიან - მერე ვიღაც ან თავს დაიმტვრევს, ან ხელს მოიტეხს ან ფეხს და არ მიჰყავთ ჯარში. ახლა, მე თქვენ გირჩევთ - კენჭისყრამდე ერთი საათი დარჩა - გადით კორიდორში, საკმაოდ გრძელი კიბეებია, დაგორდით და ვინც ხელს მოიტეხთ და სასწრაფო წაგიყვანთ, ის უბედნიერესი ადამიანი იქნება. გულში ფიქრობთ, ნეტა ფეხი მომტეხოდა და აქ არ მოვსულიყავიო. ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ იმ ბრძენმა კაცმა, როგორც თქვენ უწოდებთ, გამოგიყენათ, გამოგწურათ ლიმონივით და ჩაგიხშოთ ევროპაში და ქუჩაში გამოსასვლელი გზა.

მინდა ერთი ციტატა წაგიკითხოთ და აბა, თუ გეცნობათ - „რას შვებით, ხალხო, რას? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელ სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა?“. რას დაგამსგავსათ იმან, იმ ბრძენმა კაცმა? - დათა თუთაშხიამ შემოგითვალათ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო