„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპროტესტო აქციები ხვალაც გაგრძელდება. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მთელი ეს პერიოდი ხალხთან ერთად იქნება.
„თქვენ ნახეთ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება. ამაზე უკვე საერთაშორისო განცხადებებიც არის და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება ამ ვერაგ რეჟიმს, რომელიც ამას აკეთებს. თქვენი თვალით ნახეთ, როგორ ველურად დაიწყეს ჩვენი მოქალაქეების დაკავება. როცა აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო აქცია, წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, „რობოკოპების“ გამოყენებით. ზურა ჯაფარიძეს პირდაპირ თავს დაესხნენ, სცემეს და ისე წაიყვანეს. ამ ყველაფერზე პასუხს მოვთხოვთ, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ძალიან მშიშრები და მხდალები არიან. ისინი მარტო არიან დარჩენილები. ამიტომ ჩვენ მედგრად უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა. უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, პრინციპული და ხვალაც უნდა შევიკრიბოთ. 15:00 საათზე, ქალთა მსვლელობა არის დაგეგმილი, საღამოს ისევ აქ უნდა შევიკრიბოთ. მთელი მსოფლიო დგას ჩვენთან. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, მალე მოგიწევს რუსეთში გაქცევა და ჩვენს სამშობლოს შენი ბატონობისგან აუცილებლად გავათავისუფლებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.