„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები დაკავებულებს ყველანაირ დახმარებას გაუწევენ.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საერთო განცხადებისას აღნიშნა, პროტესტი ხვალ დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში რუსული რეჟიმი არ დასრულდება.
„ახალგაზრდები, სტუდენტები დაკავებულები არიან. ამ წუთად, ჩემდა სამწუხაროდ, სახელები და გვარები ცნობილი არ არის. მივმართავ მათ ოჯახის წევრებს, რომ მოგვმართონ. მათ ჩვენ ადვოკატირებასა და ყველანაირ დახმარებას გავუწევთ. არცერთის მარტო დატოვებას არ ვაპირებთ. დაკავებულები არიან პოლიტიკური პარტიების წევრებიც.
ხვალ, დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. სპორტული საზოგადოება, ფეხბურთელები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ყველა გამოხატავს პოზიციას. ჩვენ ვნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, ვხედავთ ევროპელი დიპლომატების მხარდაჭერასაც. აქ დღეს მშვიდობიანი მანიფესტანტები იყვნენ, რომლებსაც არ უნდათ,რომ რუსი ოლიგარქი მართავდეს ამ ქვეყანას. ეს ბრძოლა გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ., რომ პროდასავლურ პარტიებს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ და ვერ ექნებათ.
ხვალაც, როგორც დღეს, ვიქნებით მობილიზებულები. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში რუსული რეჟიმი არ დასრულდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.