არავინ უნდა იჩქაროს, ამ ყველაფრიდან ჩანს, რამდენად ყალბია კამპანია ამ კანონის გარშემო - ვიღაცას არ უნდა გამჟღავნდეს ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეფერხებას ან PVT-ის გაყალბებას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ისინი საუბრობენ გლობალური ომის პარტიის ინტერესებზე და არ სურს ვინმე დააკონკრეტოს.
„მე მგონი, არავინ უნდა იჩქაროს, წინ არის მინიმუმ სამი თვე, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ყველაფრიდან ჩანს, რამდენად ყალბია კამპანია, რომელიც ამ კანონის გარშემო წარმოებს. არ მინდა არავინ დავაკონკრეტო, მაგრამ ვიღაცები არიან, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე გლობალური ომის პარტიაზე და კონკრეტიკაში არ მინდა დღესაც, რომ შევიდე, მაგრამ როცა ფინანსდება „სირცხვილია“, „დროა“, „ნამახვანის“ დაბლოკვა, PVT-ის გაყალბება და ასე შემდეგ, ჩვენ გვგონია, რომ ამ ყველაფრით დაინტერესებულია გლობალური ომის პარტია და ჩართულია იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს. ვიღაცას არ უნდა გამჟღავნდეს ქართული საზოგადოებისთვის და ცნობილი გახდეს თუ ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეფერხებას ან PVT-ის გაყალბებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტი უკან დახევა იქნება აშშ-ის შესაძლებლობაში განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა და ვინც ხმას აძლევს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირის გამოთხრისთვის. „არ გვსურს ამის ნახვა”,- აცხადებს ნედ პრაისი.