„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას 17:00 საათისთვის პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა რამდენიმე მოთხოვნაც გააჟღერა და განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნები არ გამომდინარეობს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან, არამედ არის საზოგადოების მოთხოვნა. პირველი მათგანი ეხება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის დაუყოვნებლივ გაწვევას პარლამენტიდან.
„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც გუშინ - ჩვენი დასაცავია ჩვენი ევროპული მომავალი, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა. არ შეგაშინოთ არაფერმა და პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი, ამიტომ დღეს 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ. სამოქალაქო სექტორი 15:00 საათიდან უკვე იწყებს აქტიურობას და შეკრებას, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. 17:00 საათიდან მობილიზება გავაკეთოთ, ყველა შევიკრიბოთ პარლამენტთან და ასევე, მნიშვნელოვანია გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები. ეს მოთხოვნები არ გამომდინარეობს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან, ამიტომ ვაჟღერებ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ხალხს. ეს მოთხოვნა არის ორი: პირველი, რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს თუ გაიწვევენ, ვინმე იტყვის, რომ რუსები არ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ჩვენს ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა. მეორე მოთხოვნა არის უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. თუ ეს ორი მოთხოვნა არ სრულდება, არ აკეთებს „რუსული ოცნება“, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებს, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე, დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ეს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული, არის პოლიტიკური პატიმარი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.