კახა კალაძე - თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ - ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი

თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის გზაზე, ყველაზე ხელშესახები შედეგები სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და გასულ წელსაც „ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ეს სტატუსი საქართველოს დაუმსახურებლად არ მიენიჭა“.

„მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ - ამაყი და თავაწეული და მომავალშიც ასე ვივლი. თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ღირებულებები, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს.

ევროპის გზაზე, ყველაზე ხელშესახები შედეგები სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ჩვენ შევძელით ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ეს სტატუსი საქართველოს დაუმსახურებლად არ მიენიჭა, რაც ევროკომისიამ იანვარში დაადასტურა. ამას აქვს თავისი ახსნაც, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეეცადნენ საქართველოს ხელისუფლების დასჯას, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო, არ შეუერთდა სანქციებს. იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა 90-იანებში მიღებული გამოცდილებით ქართველმა ხალხმა გამოავლინა სიბრძნე. ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღესაც ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ზედმიწევნით სრულდება 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვსაუბრობთ მეგობრებზე, პარტნიორობაზე, ეს განცხადებები, რა დავარქვათ ამ განცხადებებს - ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის და მათთვის, ვისაც საკუთარი სამშობლო გვიყვარს, ვისაც ქვეყანა გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, შეურაცხმყოფელია. მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას? გზამკვლევი მოგვცეს, რომ შეასრულეთ ეს 12-პუნქტიანი გეგმა და მიიღებთ სტატუსს - ყველაფერს ვაკეთებთ, ზედმიწევნით იქნება შესრულებული 12-პუნქტიანი გეგმა. ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება იყო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული. ამ ადამიანებს არ ანაღვლებთ ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა. მათთვის მიზანი და ამოცანა არის, რომ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ყველანაირი გზით, გადატრიალებით, დაპირისპირებით, არავის არაფერი გამოუვა - ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს ერთადერთი ცივილიზებული გზა, არჩევნებით შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და არა რევოლუციით და გადატრიალებებით. ასე რომ, ეს დამოკიდებულება, რომ თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ ვერ მიიღებთ სტატუსს, მაშინ რა აზრი აქვს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ან რატომ მოგვცეს? მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გეგმა ზედმიწევნით იყოს შესრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი