„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბრიფინგზე დემონსტრაციულად დაწვა და ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული პროექტი გაიწვიოს.
ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდისადმი ასევე მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„მინდა ეს კანონპროექტი დემონსტრაციულად დავწვა პირდაპირ ეთერში და მინდა, ეს ბედი ეწიოს ამ კანონს საქართველოს პარლამენტში - ასე ჰქვია, თუმცა ეს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დუმად გადააქცია. კიდევ ერთი მოთხოვნაა, საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ მიღება და ამისთვის ყველაფრის გაკეთება. ამას „რუსული ოცნება“ თუ არ აკეთებთ, ქართველი ხალხი გააკეთებს. არ უნდა დავიღალოთ, უნდა ვიბრძოლოთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, „კოლექტიურ გავრილოვებს“ დანახვის შემთხვევაში, პროტესტი დაუფიქსირონ.
„სადაც დაინახავთ „კოლექტიურ გავრილოვებს“, კობახიძეებს, მდინარაძეებს, ვოლსკებს, დაუფიქსირეთ პროტესტი, მშვიდობიანი გზით, კანონის დაცვით, არაძალადობრივად“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.