„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები.
როგორც „ლელოს“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმუშავებს.
„ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია.
„ქართულ ოცნებას“ სურდა კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, სწრაფად ეყარა კენჭი და ამით გაენეიტრალებინა პროტესტი. მოხდა პირიქით. გვინდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ამ ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა ჰქვია.
საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიულ არჩევანს. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, საზოგადოების მოთხოვნას, მმართველმა უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი, მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები.
მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ ჯგუფებს, მედიას, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა ვამხილოთ ის 78 დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა. კანონის მხარდამჭერი დეპუტატები უნდა დასანქცირდნენ. შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმუშავებს. ბრძოლა გაგრძელდეს კონსტიტუციის ფარგლებში, მასიური და უწყვეტი ფორმით, ეს ბრძოლის გრძელვადიანი პროცესია. ახლა ერთიანობის დროა, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის!”. - ნათქვამია განცხადებაში.