ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტის გამო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
“დღეს, 8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი, რათა გამოეთქვა დიდი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, დაამტკიცოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი”, - წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აღნიშნული კანონის მიღება დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას გააჩუმებს და საქართველოში ესტონური განვითარების ერთობლივი პროექტების განხორციელებას გაართულებს. განცხადება საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს ქვეყნის “ნამდვილი ინტერესები” გაითვალისწინოს და კანონპროექტი გაიწვიოს.