ნინო კალანდაძე - უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, განსხვავებული ევროპული გეოგრაფია გვექნება - კრემლისთვის მნიშვნელოვანია, ახალი „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, განსხვავებული ევროპული გეოგრაფია გვექნება. კრემლისთვის მნიშვნელოვანია, ახალი „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის" თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის „ხელის ბიჭები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში დიქტატურა დამყარდეს.

მისივე თქმით, რუსული განცხადებები ადასტურებს, რომ ასეთი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის დროს, საქართველო მათთვის ყველაზე ერთგული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ დასავლეთმა ეს ქმედებები ანტიდასავლურად და დემონსტრაციულად აღიქვას, დასავლეთმა დაინახოს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში დიქტატურას ამყარებს. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ივანიშვილის რეჟიმის რღვევის პროცესი დააჩქარა. თუ ის აქამდე ლავირებდა და ფორმალურად პროდასავლურ იმიჯს ინარჩუნებდა, გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ეს შეიცვალა. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება. ომის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით განსხვავებული ევროპული გეოგრაფია გვექნება. კრემლისთვის მნიშვნელოვანია, ახალი „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო.

ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, მათ შორის ეს კანონიც, ემსახურება იმას, რომ დაადასტურონ, ივანიშვილი საქართველოში ასრულებს იმ დავალებებს, რომლებიც მოსკოვიდან მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსის მინიჭების საკითხთან ძალიან ახლოს ვართ, ივანიშვილის „ხელის ბიჭები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, აქ მყარი დიქტატურა დამყარდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე მედიის გასაკონტროლებლად.

ვერცერთი ხელისუფლება, რომელიც ღიად განაცხადებს პრორუსულ კურსს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ მოვა. „ქართულ ოცნებას“ 2012 წელსაც ის მიზნები ჰქონდა, რასაც დღეს ახორციელებს, მაგრამ მაშინ მათ ეს რომ გაემჟღავნებინათ, ქართველი ხალხი არ აირჩევდა. ამის გამო, დიდი ხნის განმავლობაში, ფორმალურად დასავლურ კურსს ინარჩუნებდნენ“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა