ელექტროკაბელების ქართული ბრენდი „ელვარე“ წარმოდგენილია Middle East Energy Dubai გამოფენაზე, რომელიც დუბაიში 2023 წლის 7-9 მარტს ტარდება. აღნიშნული გამოფენა არის ცენტრალური გამოფენა რეგიონში, სადაც წარმოდგენილი არიან საერთაშორისო კლასის მწარმოებლები ელექტროკაბელებისა და ზოგადად ენერგეტიკის სფეროში. გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს დარგის 25 000 პროფესიონალი 170 სხვადასხვა ქვეყნიდან და ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის. კომპანია „ელვარეს“ პროდუქციამ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა გამოფენაზე და კომპანია არაერთ საერთაშორისო კლიენტთან თანამშრომლობის დაწყებაზე შეთანხმდა.

„ჩვენი, როგორც კომპანიის დამფუძნებლების მთავარ მოტივაციას, დღიდან კომპანიის დაარსებისა, წარმოადგენდა საერთაშორისო კლასის, სანიმუშო ქართული საწარმოს შექმნა. არაერთი წლის თავდაუზოგავი შრომის და რესურსების 100% რეინვესტიციის შედეგად "ელვარემ" უკვე დაიმკვიდრა მყარი პოზიციები ქართულ ბაზარზე და გადავიდა საერთაშორისო მოთამაშედ ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. სწორედ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნის შესაბამისად, "ელვარე" იქნება პირველი ქართული საწარმო, რომელიც 2023 წლიდან მოახდენს მზის სისტემებისთვის საჭირო სერტიფიცირებული კაბელების (Solar Cables) წარმოებასა და ექსპორტს“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი მამია მოცრაძე.
ქართული საწარმო „ელვარე“ 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით შეიქმნა. კომპანია მდებარეობს თბილისში (აეროპორტთან), განთავსებულია რამდენიმე ჰექტარზე და სრულად აღჭურვილია ევროპული საწარმოო ხაზებითა და ავტომატიზაციის სისტემებით.

„ელვარემ“ არსებობის 8 წლის მანძილზე, მყარად დაიკავა საქართველოში ლიდერის პოზიციები. სწორედ „ელვარეს“ ნაწარმოები კაბელებითაა განხორციელებული ისეთი პროექტები როგორიცაა: "აქსის თაუერსი", ქუთაისის აეროპორტი, ბათუმის სტადიონი, გალერეა "თბილისი" და სხვა.

„ელვარეს“ პროდუქცია იწარმოება მხოლოდ საერთაშორისო IEC და ევროპული EN სტანდარტების შესაბამისად და სერტიფიცირებულია CE, RoHS და ISO სტანდარტების მიხედვით. ასევე, წელს აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა BASEC (British Approvals Service for Cables) სტანდარტების დანერგვაზე, რაც გზას გაუხსნის "ელვარეს" დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესვლისთვის.

2022 წლიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა პროდუქციის ექსპორტზე ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში. უკვე განახორციელა პირველი მიწოდებები სამ სხვადასხვა ქვეყანაში. უკომპრომისო ხარისხი და პოზიტიური უკუკავშირი საერთაშორისო კლიენტებისგან ხსნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ექსპორტის განვითარებისთვის.
(R)