ეს უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვებაა - მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთავარი ბრძოლა და გამარჯვება წინ არის.
„ეს უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვებაა - მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა! გულანთებული ახალგაზრდების თავგანწირულმა პროტესტმა, პასუხისმგებლობიანი ოპოზიციონერების მტკიცე წინააღმდეგობის, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო სექტორის შემართებისა და დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი მოწოდებების ფონზე ამ ეტაპზე კისერი მოუგრიხა ივანიშვილის აღვირახსნილ დაჯგუფებას! მაგრამ მთავარი ბრძოლა და გამარჯვება წინაა!
ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მავნე, ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული მმართველობის დასრულება და დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი დემონტაჟი! ამისთვის კი აუცილებელია: წელსვე ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება; ამ მიზნით დაწესებული 12 მოთხოვნის სრულად შესრულება; მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მყარი გარანტიების მოპოვება, რაც შეუძლებელია ამ მახინჯი მმართველობის პირობებში; ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ნდობის მთავრობა და შსს-ს, სუს-ს, პროკურატურის ხელმძღვანელები შეირჩენ საზოგადოების ნდობის უმაღლესი მანდატით.
მხოლოდ ასე შევძლებთ საქართველოს გადაქცევას ევროპულ, წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ! მხოლოდ ასე გახდება ჩვენი გამარჯვება შეუქცევადი და საბოლოო!“, - განაცხადა ახვლედიანმა.