„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განაცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები საპროტესტო აქციებიდან და გააცნობიეროს, რომ თუ ქვეყნის ევროპულ მომავალს დაემუქრება საფრთხე, ამას ქართული საზოგადოება და პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას არ აპატიებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე ადამიანების, პირველ რიგში კი, ჩვენი ახალგაზრდების გამარჯვებაა, რომელთაც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 % ის არჩევანი არის ევროპაში ინტეგრაცია.
„ჩვენი საზოგადოების პროტესტმა აჩვენა, რომ ის არავის მისცემს საშუალებას, გადაუხვიოს ქვეყნის ევროპულ გზას, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ახალგაზრდებს. გუშინ როგორც რიგითი მოქალაქე ვიდექი აქციაზე ჩემს სტუდენტებთან ერთად და ამაყი ვიყავი მათი სულისკვეთებით. საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი ახალგაზრდობა ყოველთვის იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ცვლიდა ჩვენს ისტორიას სწორი მიმართულებით. ასეთი თარიღები ძალიან ბევრი გვაქვს, ეს მოხდა მაშინ როდესაც სტუდენტების აქტიურობამ შეინარჩუნა ქართული ენა საბჭოთა კავშირში, ეს მოხდა 9 აპრილს, ეს იყო ვარდების რევოლუცია, როდესაც ახალგაზრდობა გამოვიდა და არ შეეგუა არსებულ სიტუაციას, ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ახალგაზრდობა და იგივე ხდება დღეს - ახალგაზრდები არ მისცემენ საშუალებას არც ერთ ხელისუფლებას ქვეყანამ გადაუხვიოს ევროპულ კურსს, მათი არჩევანი არის დემოკრატია და თავისუფლება.
ახლა მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააკეთოს სწორი დასკვნები, ტექნიკურად გამოასწოროს კანონპროექტის გაუქმების საკითხი, რომელიც აღარასდროს არ უნდა დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ უნდა ვიაროთ სამართლებრივი გზით. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს დაემუქრება საფრთხე ხელისუფლება მიიღებს ისეთ პროტესტს, რომელიც მას აუცილებლად დაასრულებს - აცხადებს პაატა დავითაია“- განაცხადა დავითაიამ.