ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ე.წ. აგენტების შესახებ შემუშავებული ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.
„როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პირველი რიგის ამოცანად ყოველთვის ისახავდა თითოეული მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები.
მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება. დილით არ გვქონდა საშუალება, უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა, დისტანციური კომუნიკაცია გვქონდა და მაშინ გადავწყვიტეთ ეს ამბავი. ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს გადაწყვეტილებას და იზიარებს მას. მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს იყო წითელი ხაზი, წყალგამყოფი, რის გამოც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არ გავრისკეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ აპირებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოქალაქეებთან განხილვას მათი გაწვევის მიუხედავად და აღნიშნავს, რომ ხალხთან საუბარი არ ნიშნავს, რომ კანონპროექტებზე უარს არ ამბობენ.
როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ ერთი ადამიანის აღქმაშიც კი არ დარჩეს, რომ კანონპროექტები შეიძლებოდა რუსულ საქმეს მომსახურებოდა, უნდა აუხსნან, რა წერია სინამდვილეში დოკუმენტებში.
„ხალხთან საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი გაწვეული არაა ან მასზე უარს არ ვამბობთ. ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ არ დარჩეს (თუმცა საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს), რომ ეს [კანონპროექტები] შეიძლებოდა რუსულ საქმეს მომსახურებოდა, უნდა აუხსნა, რა ეწერა სინამდვილეში. აღმოვაჩინეთ, რომ გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100%-ს წაკითხულიც არ ჰქონდა და არ იცოდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინადადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამის უარყოფის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას შეეხებოდა, იმდენად ჰქონდათ ცრუ ნარატივი თავში გამჯდარი ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე. ერთ ადამიანსაც კი რომ არ დარჩეს განცდა, ესეც კი მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმდენად პრინციპულია, რომ ევროპისკენ უნდა ვიაროთ ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით რისკების გამორიცხვით. „ღირსებით ევროპისკენ“ - ესაა ჩვენი მთავარი სათქმელი, რაც გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას და რაც ჩვენ მიერ თავის დროზე, კონსტიტუციაში იქნა ასახული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.