ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამ დღეებში გამოაჩინა საპროტესტო აქციებმა - ახალგაზრდობამ ზუსტად იგრძნო მომენტი, როცა პოლიტიკური აქტივობა აუცილებელია, რათა ხელისუფლებამ არ მოპაროს მათ ევროპული მომავალი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა.
„ამ აქციებზე ჩვენ ვიხილეთ ქართველების ახალი ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი მენტალობის მქონე თაობა, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში. ამას უკვე აღარაფერი შეცვლის. მალე დაიწყება ახალი, მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკური კლასის ფორმირება, რაც ალბათ, დასრულდება 2040 წლისთვის, როცა მილენიუმის თაობა გადაიბარებს ხელისუფლებას.
ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. მოდის ახალი თაობა, რომელმაც წინამორბედებისგან მიიღო დამოუკიდებლობა, ახლა კი იბრძვის ძლიერი სახელმწიფოსთვის, რადგან მისთვის პატრიოტიზმი ნიშნავს ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს. საზოგადოებამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ძალა, სიმტკიცე და დასავლური ცივილიზაციისკენ სწრაფვა დაანახა მსოფლიოს, ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა. მოვიდა მკვეთრი ნაბიჯების დრო. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან სამოქმედო გეგმაზე.
ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს ყველა დონეზე - სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ქუჩიდან, ასევე დასავლელი პარტნიორებისგან, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიღებს შედეგს - ხელისუფლებას მოუწევს ან დათმობებზე წასვლა ან გადადგომა, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.