მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვესაუბროთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით შეცდომაში იყო შეყვანილი - ამ კანონს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან. ადამიანები სიყალბეზე აგებული კამპანიით შეცდომაში შეიყვანეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი დადებითი დამოკიდებულება თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავდა. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვესაუბროთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით შეცდომაში იყო შეყვანილი, ამაზე ფაქტებიც გვაქვს.
ამ კანონს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან. ადამიანები სიყალბეზე აგებული კამპანიით შეცდომაში შეიყვანეს. ეს თემა ჩახურულია.
ჩვენ გვჭირდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. თუ ვინმეს შეეშალა, არის ის, ვინც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდა. მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგი მხედველობაში მისაღებია. კერძოდ, ის, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი, ეს შეიძლება იყოს დიდწილად ჩვენი ბრალიც. ნებისმიერი მათგანი და ჩვენგანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ თემაში დღეს არ შევალთ, როდესაც ამის დრო იქნება, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით ყველაფერთან დაკავშირებით, იმ კამპანიაზე, რომელიც იწარმოებოდა. დღეს ეს თემა აქტუალური არ არის, დღეს ამას არ განვიხილავთ. როდესაც იქნება სათანადო დრო, და ეს დრო მალე იქნება, საზოგადოებას ვესაუბრებით, როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, რომ თითქოს, რუსეთის გზას დავადექით. ამ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია. თემა დახურულია“,- აღნიშნავს კობახიძე.