ალეკო ელისაშვილი - ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს

ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა და „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს და „მნიშვნელოვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან“.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი აქციაზე რომ მისულიყო, ხალხის მისდამი დამოკიდებულებას დაინახავდა.

„ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გამოფიტული, უიდეო პოლიტიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, მე მინდა მივმართო ყველას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებელი და საშიში ძალა. ეს დღეები სტატუსს სტატუსზე წერდნენ და იმუქრებოდნენ. ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს. მისულიყო მერაბიშვილი აქციაზე და დაინახავდა ხალხის მისადმი დამოკიდებულებას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე, როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, თუ დაინახავს ძალას, რომელიც როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს, თავად პოლიტიკიდან წავა.

მისივე თქმით, სურს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით „ვირეშმაკობას დაიწყებს“, აქციები კვლავ გაიმართოს.

„ყველას უნდა, რომ ამ აქციას გაეზილოს, მაგრამ ახალგაზრდებს ყელში ამოვუყვანეთ არსებული პოლიტიკა. ისინი გუშინ ისეთი სიტყვებით გამოდიოდნენ, რომ ცრემლი მადგებოდა. კარგად ორგანიზებული ძალა არიან. თუ დავინახავ, რომ მოვა ისეთი ძალა, რომელიც როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს და იქნება ძლიერი, მე არ დავრჩები პოლიტიკაში. დავიხურავ ქუდს და წავალ.

ერთადერთი, რასაც ახლა აქციებზე ვხედავთ, არის ის, რომ ყველას ევროპა უნდა. ევროპაში შესასვლელად კონკრეტული დავალება გვაქვს. თუ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებამდე ვირეშმაკობას დაიწყებს, ვისურვებდი, რომ სათითაო პუნქტთან დაკავშირებით აქციები და გამოსვლები იყოს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა