„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში შეხვედრებს გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამართავენ.
„ევროკავშირის რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავით თეთრზე დაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი საქართველოში, ყველამ ნახა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურად. ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყვნენ გათავისუფლებული. იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს პირობები და დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს.
ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასთან, გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგში შეხვედრების მიზანი და თემა „პუტინის პატიმრები“ იქნება.
„ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად იმ ქმედებებზე, რომელსაც პუტინი მისი პატიმრების მიმართ სჩადის. უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც ჩამოდიან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება და საშუალების მიცემა პრეზიდენტი მოინახულონ. ეს იქნება რეკომენდაციების შესრულებისთვისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.