„ხალხის ძალა“ არის „ქართული ოცნების“ ერთი პატარა რადიკალური ფრთა, რომელიც პირდაპირ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ეს არის რუსული ხალხის ძალა იმ დანაყოფიდან, რომლებიც მთლიანად წარმოადგენს რუსულ ორგანიზაციას დღეს საქართველოში“.
„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი განსხვავებული ადამიანის პოზიცია, რომლებიც ერთ პოზიციაზე დადგნენ იმ დროს, როცა ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ეხებოდა. ნებისმიერი ასეთი გაბედვა და საკითხის წამოწევა ძალიან ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას. „ხალხის ძალას“ არ მივიჩნევ რაიმე პოლიტიკურ ძალად, ეს არის „ქართული ოცნების“ ერთი პატარა რადიკალური ფრთა, რომელიც პირდაპირ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ვერავის ვერასდროს დააჯერებენ, რომ შეიძლება საკუთარი ინიციატივა გააჩნდეს „ხალხის ძალას“. ეს არის რუსული ხალხის ძალა იმ დანაყოფიდან, რომლებიც მთლიანად წარმოადგენს რუსულ ორგანიზაციას დღეს საქართველოში“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ უკვე დაწყებულია რღვევა და ამას ვერაფერი შეაჩერებს“.
„ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობის დასასრული არის ძალიან ახლოს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ქართველ ხალხზე, თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორია გაბრაზებული, პატრიოტი ქართველი ხალხის პოზიცია, როცა საქმე ამ ქვეყნის გადარჩენას ეხება“ , - განაცხადა ბოტკოველმა.