13-14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.
ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან გამართავს.
„აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება, შესაბამისად, დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და ამ გზაზე შვედეთის მხარდაჭერას დაეთმობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.