პაატა ზაქარეიშვილი - პრემიერის ინტერვიუ წმინდა წყლის რუსული განცხადებაა, უკიდურეს მხარეს გადადიან, სადაც „სატანისტები“ და მსგავსი თემები მუშაობს - ოპოზიცია კი იმდენად სუსტია, რომ ძალაუფლება ქუჩაში გდია და ვერ იღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ წმინდა წყლის რუსული განცხადებაა. უკიდურეს, რადიკალურ მემარჯვენე მხარეს გადადიან, სადაც „სატანისტები“ და მსგავსი თემები მუშაობს, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანობა ევროკავშირის საყრდენია და განცდა, რომ შეტევა მართლმადიდებლობაზეა, აბსურდულია.

„ქართულმა ახალგაზრდობამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროპა გვინდა. ევროკავშირის დროშას ასეთი შეტევა არსად ჰქონია. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, მაგრამ ყველაფერი წინაა, რადგან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა კატასტროფა იყო. ეს წმინდა წყლის რუსული განცხადებაა. ამოქექეს სიტყვა „სატანისტები“ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მართლმადიდებლობაზე. რა, ევროპა არ არის ქრისტიანული? ეს არის ბოდვა. ვისაც აქვს განცდა, რომ შეტევა მართლმადიდებლობაზეა, ეს აბსურდია. ქრისტიანობა ევროკავშირის საყრდენი და ფუნდამენტია.

ახლა „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი ამომრჩევლის შენარჩუნებაზე მუშაობს, რადგან ამ აქციებით მათ ძალიან დიდი დარტყმა მიიღეს. უკიდურეს, რადიკალურ მემარჯვენე მხარეს გადადიან, სადაც „სატანისტები“ და მსგავსი თემები მუშაობს. სასაცილოა, სატანისტობაზე ელაპარაკო ახალგაზრდებს, რომლებიც სირენის ხმაზე ცეკვავდნენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრს, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის „ქართული ოცნების“ სასარგებლო განცხადებებს აკეთებს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ „ძალაუფლება ქუჩაში გდია და ვერ იღებენ“.

ასევე, მისი განცხადებით, ვინც ჯერ ხელისუფლების გადაყენებასა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრობს, ქვეყანას რამდენიმე წლით უკან აბრუნებს.

„ამავდროულად, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ძალაუფლება ქუჩაში გდია და ვერ იღებენ. ძალიან უძლურები არიან. მერაბიშვილის განცხადება უსამარცხვინოესია. ის აშკარად „ქართული ოცნებისთვის“ მუშაობს. როგორც კი პირს გააღებს, „ქართული ოცნების“ სასარგებლო განცხადებებს აკეთებს.

თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, სხვანაირი წესებით მოუწევს თამაში. ვინც ამბობს, რომ ჯერ უნდა ჩამოვაგდოთ ხელისუფლება და მერე ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსზე, ისინი რამდენიმე წლით უკან გვაბრუნებენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი