მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება დამაზიანებელი იყოს საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც შეაფასა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებები.
როგორც ბოტკოველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილის განცხადება არის მისი ინდივიდუალური პოზიცია, რომელიც დააფიქსირა, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა.
„რა თქვა ვანო მერაბიშვილმა, რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის მასობრივი აქციებია საჭირო?ფიქრობთ თუ არა, რომ ის აქციები, რომელიც წინა დღეებში გაიმართა, საჭირო იყო? იყო ხომ საჭირო?
რაც შეეხება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, ეს პოზიცია დღეს ნახეთ, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა. ნახეთ ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი განცხადება. ეს არის ადამიანის [ვანო მერაბიშვილი] ინდივიდუალური პოზიცია, რომელიც დააფიქსირა როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა და ადამიანმა, რომელიც ახლა ჩართულია ანტიპუტინისტურ მოძრაობაში.
ერთადერთს, რასაც დღეს პროპაგანდისტული მანქანა და „ქართული ოცნება“ გამოიყენებს, იქნება ოპოზიციის დაქსაქსვა, ამისკენ არის მიმართული, სწორედ ის, რაც დღეს ხდება და რა განხილვაც მიმდინარეობს, თუნდაც ვანო მერაბიშვილთან, ან მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება დამაზიანებელი იყოს საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. თქვა რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საჭიროა მასობრივი საპროტესტო აქციები“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, ის ეთანხმება შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას.
ბოტკოველის მოსაზრებით, ნებისმიერი სცენარი და მოქმედება უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ხელი არავინ შეუშალოს.
„მეც ვეთანხმები, რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საჭიროა მასობრივი საპროტესტო აქციები და ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ნებისმიერი სცენარი და მოქმედება უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ ქვეყანას არავინ შეუშალოს ხელი ევროპული მომავლისკენ სვლისთვის“, - განაცხადა ბოტკოველმა.
კითხვაზე, სად ხედავს ოპოზიციის რესურს, იმისთვის რომ მოეწყოს მასშტაბური აქციები ხელისუფლების შეცვლის და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, ბოტკოველი პასუხობს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც გაჟღერებული იყო აქციაზე, გულისხმობს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
„თქვენ ფიქრობთ, რომ აქციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იმართებოდა პოლიტიკური არ ყოფილა? ჩვენი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან და გადარჩენასთან ერთად არის ამ ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი.
ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც იყო გაჟღერებული აქციაზე, სწორედაც გულისხმობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა მოიპოვა, გამარჯვების პირველი ეტაპია. შემდეგი გამარჯვებები, ქვეყანაში მოიპოვებს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას“, - განაცხადა ბოტკოველმა.