უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, ივანიშვილი ძალაუფლებას ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს თუ არ დაამყარა დიქტატურა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს სახელმწიფო ახლაც მიტაცებული აქვს და პუტინს საქართველოში ივანიშვილის სახით ძალიან ეფექტური ბერკეტი აქვს.
„პუტინისთვის საფრთხეა აქ, საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლების და ძალაუფლების დაკარგვა“, - განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, ბოსნიის პრო-პუტინისტურმა მმართველმა ახლა მოახდინა საქართველოს იდენტური კანონის ინიცირება, სადაც მან უნდა შეზღუდოს დამოუკიდებელი მედიის და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების მოქმედება.
კალანდაძის თქმით, ეს ისაა, რასაც პუტინი ივანიშვილის ხელით საქართველოში აპირებდა.
„ენჯეოები“ თუ აქამდე გაუმჭვირვალედ მოქმედებდნენ, თუ ცუდ საქმეს აკეთებდნენ, 11 წელი არ დაიცდიდა ივანიშვილი იმისთვის, რომ ნათელი მოეფინა დასავლური ორგანიზაციების საქმიანობისთვის, თავიდანვე იზამდა და 11 წელი არ დაიცდიდა. ამის საჭიროება დადგა მაშინ, როდესაც მოსკოვიდან შესაბამისი ინსტრუქცია მოვიდა. შესაბამისი ინსტრუქცია მივიდა ბოსნიაშიც. ამერიკის საელჩო იდენტურ განცხადებებს აკეთებს ბოსნიაში ამ კანონთან დაკავშირებით და იქ ერთი-ერთში არის რიტორიკაც რაც აქ არის. იქაც საუბარია, რომ ეს არის ამერიკული კანონმდებლობა, რომ ეს მოქმედებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - აღნიშნა კალანდაძემ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინი ახლა გრძელვადიან დაგეგმარებას აწარმოებს, როგორ იმოქმედებს ის მას შემდეგ, რაც ომში დამარცხდება.
„ომის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება პუტინი და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მას შემდეგ, რაც ის დაკარგავს უკრაინას და დიდი ალბათობით დაკარგავს მოლდოვას, არ დაკარგოს საქართველო“, - განაცხადა კალანდაძემ.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთისგან საქართველოს ახალ უპირობო მხარდაჭერა უკვე გამოკვეთილი აქვს, მას შემდეგ რაც დემოკრატიული ხმა პრაქტიკულად ინსტრუქციად მიიღეს.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით დაიხია იმიტომ, რომ მათ ძალა დაინახეს, რომელიც მათთვის მტკივნეული აღმოჩნდებოდა.
„ამ ძალას ისინი ისევ დაინახავენ, როგორც კი რაღაცას გაბედავენ, მთავარია მოსახლეობა არ მოდუნდეს და მთავარია ისევ თავისი პროპაგანდისტული ნარატივით არ შეგვაშინონ და არ შემოგვაპარონ ისეთი მესიჯები, რომელზეც ჩვენ ისევ დავეჭვდებით“, - დასძინა კალანდაძემ.