მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ინდივიდებზე საქართველოს "ლიდერშიფში" და ასევე ივანიშვილზე, რომელიც ვიცით, რომ საკვანძო პირია ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დისკუსია გაიმართა, თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი".
ევროდეპუტატმა ამგვარად უპასუხა კითხვას, რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომლის გამოც ევროკავშირი არ განიხილავს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„მინდა შეგახსენოთ, ერთი თვის წინ მიღებულ რეზოლუციაში ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ივანიშვილი უნდა ყოფილიყო სანქცირებული. ამიტომ, ეს დიდი ალბათობით დამოკიდებულია ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებზე. ეს კარგი კითხვაა, რომელიც შეიძლება დაისვას ფონ დერ ლაიენის მისამართით, მზად არის თუ არა ის, ეს თემა წინ წაწიოს რადგან ჩვენ მივედით იმ ნიშნულთან, როდესაც ცხადად უნდა ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ. სიტყვებს აღარ იღებს თბილისი და უნდა დავიწყოთ მოქმედება და მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ინდივიდებზე საქართველოს "ლიდერშიფში" და ასევე ივანიშვილზე, რომელიც ვიცით, რომ საკვანძო პირია ამ მიმართულებით“, - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.