საქმე გვაქვს გარკვეულ თამაშთან, მავნებლურ და უპასუხისმგებლო ექსპერიმენტთან, რომელიც შეიძლება ამ თამაშის მომწყობების კონტროლიდან გამოვიდეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია შეგნებულად ხდება.
„საზოგადოებაში ვითარება ძალიან დაძაბულია. ჯერ პრემიერ ღარიბაშვილის უაღრესად აგრესიული ინტერვიუ, შემდეგ კობახიძის კიდევ უფრო აგრესიული განცხადება, ახლა კი „ალტ -ინფოს“ მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯვა და დაწვა შეუფერხებლად, რასაც ცხადია, „ალტ -ინფო“ ხელისუფლებასთან შეთანხმების, ან, უფრო სწორად, მისგან დავალების გარეშე, არ გააკეთებდა, პრაქტიკულად, ოდნავ მინავლებულ ცეცხლზე შეშის შეყრაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის ავადსახსენებელი კანონპროექტი, რომელმაც ააფეთქა ქვეყანაში სიტუაცია, არანაირ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და თანაც, სახელწოდებაც ხაზგასმით პროვოკაციული ჰქონდა შერჩეული, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია შეგნებულად ხდება.
არსებულ სიტუაციაში ოპოზიციის მთავარი ამოცანაა პოზიტიურ დღის წესრიგში გადასვლა და ერთი დიდი პოლიტიკური ნაბიჯის წინ გადადგმა, რაც მხოლოდ ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმის შექმნით შეიძლება, რომელიც ერთიანი საარჩევნო ფრონტის ფუნდამენტი უნდა გახდეს. პრინციპი - მხოლოდ პარიტეტული, ხელისუფლების შეცვლის და შემდგომ სრულფასოვანი არჩევნების ჩატარების მიზნით“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.