ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აბსოლუტურად ცრუა ნარატივი იმის შესახებ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში რისკებზე მიუთითებს, რაც უნდა გამოირიცხოს.
„აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს კანონი ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, აღმოჩნდა ცრუ იმიტომ, რომ მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებებით განაცხადა იმის შესახებ, რომ საჭიროებს დახვეწას და რა თქმა უნდა, ამაზე დისკუსია უნდა გაიხსნას. დეტალურად უნდა მივყვეთ ყველა რეკომენდაციას იმისთვის, რომ სპეკულაცია ვერავინ მოახერხოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ განხილვებში შევიდეთ. დისკუსიის შედეგად კანონის საბოლოო სახე მივიღოთ, რომელიც კანონპროექტის მიღების შედეგად იქნება. ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ერთი სიტყვა არ წერია იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახლა ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.
“ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო იმისთვის, რომ ასეთი წუხილები გამოირიცხოს, ამისთვის დადო კონკრეტული რეკომენდაციები. ამიტომ, უნდა შევიდეთ ახლა ამ დისკუსიაში. თითოეულ შენიშვნას დასკვნიდან ყურადღებით უნდა მივყვეთ, რომ რისკები, რომელზეც თავად ვენეციის კომისია მიუთითებს, გამოირიცხოს. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს და ამ ხარვეზებზე იმსჯელეთო. ჩვენ ახლა ამ ხარვეზებზე უნდა ვიმსჯელოთ, გამოვრიცხოთ რისკები და ამ რისკების გამორიცხვით მივიდეთ კანონპროექტის საბოლოო სახესთან, რომელიც კანონის სახეს მიიღებს“,-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე შუალედურ დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს. მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ.