გაეროს ქალთა სტატუსის 67-ე კომისიაზე BTU-ს პროექტზე „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ იმსჯელეს

14 მარტს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის 67-ე კომისიაზე BTU-ს პროექტზე ,,კოდინგის სკოლა ქალებისთვის” იმსჯელეს.

ღონისძიებაზე ექსპერტ სპიკერად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე იყო მიწვეული.

,,კოდინგის სკოლა ქალებისთვის”, რომელზეც კომისიაზე იმსჯელეს, BTU-ში 2019 წელს UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაფუძნდა, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. პროექტი პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული გაეროს ქალთა გაძლიერების მეოთხე პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.

კომისიაზე ნინო ენუქიძემ ციფრულ ეპოქაში ქალებისთვის თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„დღეს აღარ არსებობს ინდუსტრია, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას არ განიცდის. ტექნოლოგიები ეკონომიკური ზრდის დიდი აქსელერატორად იქცა. აღნიშნულის პარალელურად, ქალები ტექნოლოგიურ განვითარებაში ნაკლებად არიან ჩართული. მეტიც, Global Gender Gap Report-ის თანახმად, კიდევ 132 წელია საჭირო, რომ ტექნოლოგიებში გენდერული ბალანსი დაცული იყოს. ამ პროცესში დიდი როლი აქვს განათლებას. ტექნოლოგიები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალებისა და გოგოებისთვისაც. ამისთვის კი საჭიროა განხორციელდეს სრულად დაფინანსებული პროგრამები, გაიცეს სტიპენდიები და გრანტები. საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების თანადგომა გადამწყვეტია. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ინკლუზიური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნაში. მათი დაფინანსება, გამოცდილება და მკაფიო ხედვა მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის გზა მდგრადი განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს გამონაკლისი,“ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კოდინგის სკოლაზე, მის მიზნებსა და შედეგებზე.

„საქართველოში გოგოების მხოლოდ 14-15% ირჩევს ტექნოლოგიურ კარიერას. ქალები ცალსახა უმცირესობაში არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რაც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. და ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ. სიამაყით ვაცხადებ, რომ პროექტში ,,500 ქალი ტექში” გადავამზადეთ არა მხოლოდ ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც რუსეთმა შეზღუდა მათი არჩევანის თავისუფლება, არამედ დევნილი ქალები უკრაინიდან, რომელთაც ტექნოლოგიების სხვადასხვა კურსები შევასწავლეთ. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა - სწორედ აღნიშნულს ვახორციელებთ ჩვენ „კოდინგის სკოლის” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიც USAID-ია,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემას ფარავს. მიმდინარე კომისიის თემა გახლდათ „ინოვაციები და ტექნოლოგიური ცვლილებები, განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალების გასაძლიერებლად“. სესიებში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ინტერაქციულ პანელებზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც ნინო ენუქიძე გახლდათ, ხედვების, გამოცდილებისა და ახალი მიგნებების, კვლევის შედეგებისა და საერთო მიზნისკენ მიმავალი გზების გაზიარება ხდება. პანელმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური ექსპერტები გააერთიანა. სხდომის შედეგები დოკუმენტად ჩამოყალიბდება და ბიუროს წევრებს გადაეგზავნებათ.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს