მუქარების, შეურაცხყოფის მიუხედავად, ოპოზიცია მზად ვართ, ყველა სამუშაო გავწიოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ პროცესში ქვეყანას ნაღმებს უდებს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ამიტომ ევროკავშირის მხრიდან საჭიროა კიდევ უფრო მეტი მკაფიო პოზიციონირება იმასთან დაკავშირებით, რაც პრობლემად რჩება.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მკაფიო პოზიცია იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გასავლელია 12 - პუნქტიანი გზა.
„არანაირი სხვა მოთხოვნა, რის პროპაგანდირებასაც „ოცნება“ თვეები ეწევა, ევროკავშირს საქართველოს მიმართ არ აქვს, გარდა იმისა, რომ 12 - პუნქტიანი რეფორმების პაკეტი გატარდეს. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ დღეს ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის ერთ რამეს ამბობს ხელისუფლება და ბრიუსელში ჩასვლისას სხვას. ამის აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებით მარტივად არის შესაძლებელი. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის ევროკავშირისკენ, მაგრამ ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ეს არ არის ერთმანეთთან თავსებადი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეჯამების დროს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ორი დღეა საქართველოში უამრავ ადამიანს და ჯგუფს შეხვდნენ - პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიას და ერთი ადამიანი არ უნახავთ, ვინც მათ ეტყოდა, რომ საქართველოს არ მიანიჭონ სტატუსი. ისინი ამბობენ, რომ ყველა ერთხმად გველაპარაკებით ამაზე. ეს არის ის, რაც მათ ვიზიტს წითელ ხაზად გასდევს. ესეც პასუხად „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომელიც თვეების განმავლობაში ოპოზიციას ადანაშაულებდა, თითქოს ოპოზიცია ლობირებდა სტატუსის არ მიღებას.
კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ არა უსაზღვრო, მაგრამ გარკვეული დრო რჩება იმისთვის, რომ საქართველომ გაიაროს დემოკრატიული რეფორმები, რაც 12 პუნქტშია ჩამოთვლილი და ევროკავშირი ელოდება, რომ ქვეყანა ამას შეძლებს და ამ პროცესში გადამწყვეტი არის ხელისუფლების მოქმედებები. დრო რჩება და ეს დრო, ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა ჩვენი სამსახურით, უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი. ოპოზიცია მზად ვართ, შეხვედრაზეც დავადასტურეთ, ყველაფრის მიუხედავად, მუქარების, შეურაცხყოფის, ყველა სამუშაო გავწიოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში ქვეყანას ნაღმებს უდებს „ქართული ოცნება“. ამიტომ ჩვენ ევროკავშირის მხრიდან გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მკაფიოობა, მკაფიო პოზიციონირება იმასთან დაკავშირებით, რაც რჩება პრობლემად და რომლის არ გადაჭრის შემთხვევაშიც „ოცნება“ ჩააგდებს სტატუსის მიღებას. გზავნილები კიდევ უფრო მკაფიო უნდა გახდეს. დრო რჩება, ეს არის ძალიან მნიშნველოვანი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.