აღფრთოვანებული არიან საქართველოს მოქალაქეებით, მათ თქვეს, რომ არავინ არ გვინახავს, ვისაც კანდიდატის სტატუსი არ უნდა, არც ჟურნალისტები, არც არასამთავრობოები, არც უბრალო მოქალაქეები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მედიასთან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლების მხრიდან იყო ძალიან მკაცრი გზავნილებიც 12 პუნქტთან და ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით.
„ძალიან მკაცრი გზავნილები იყო. პირველი - 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულება. მათ შორის იმის, რაც მოვიდა ვენეციის კომისიიდან უარყოფითი დასკვნა, მისი შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე - ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეებთან და ყველა იმ ახალგაზრდასთან, ვინც იდგა და აპროტესტებდა.
მე მქონდა ასევე საუბარი პოლონელი ექიმების ჩამოსვლაზე, რომ არ აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტრო, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო, რომ ეს პუნქტები უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.