გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის წევრები მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება

ბიძინა ივანიშვილი ახლა ამათ [სახელისუფლებო გუნდის წევრებს] შანსს აძლევს, რომ სიტუაცია გადატეხონ და თუ ვერ გადატეხეს, ჩარეცხავს და სხვას მოიყვანს, რა პრობლემაა?! – ესენი, ყველა მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად ცდილობს, წაუგებელი თამაში ითამაშოს და თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტუაცია „ვერ გადატეხეს“, ივანიშვილი მათ გაუშვებს.

ამასთან, როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდის წევრებზე კომპრომატები აქვს.

„ამათ სიტუაცია თუ ვერ გადატეხეს, ბიძინა კი არ ეჩხუბება, ეტყვის, „ბიჭებო აი, ნახეთ, არ გამოდის რაღაცა ეს ამბავი და იქნებ მოდი ახლა ასე გავაკეთოთ. შენ - ოქროს პარაშუტი, შენ - ბრილიანტის პარაშუტი, ცოტა ხანს თქვენ გაიწიეთ და მე ვიჩალიჩებ“. ასე რბილად გაუშვებს, მაგრამ ამასთანავე, მას მათრახიც აქვს. „დაფაილებული“ ერთზეც და მეორეზეც იმდენი აქვს... მას ხომ დოსიე აქვს შექმნილი ყველასა და ყველაფერზე. ეს 10 წელი ტყუილად კი არ იჯდა. ესენი, ყველა მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ შემთხვევითობისგან თავი რომ დაიზღვიოს, მაინც ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება 7-9 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციებს - როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა, რომ პროცესები უმართავი გახდებოდა და უკან სწორედ ამის გამო დაიხია.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის, მესამე სექტორის, დასავლეთის რეაქცია გათვლილი ჰქონდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ახალგაზრდების ფაქტორზე, რამაც ისინი შოკში ჩააგდო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სახის შენარჩუნებას ცდილობენ.

„ცდილობენ, რომ ცხვრის ტყავში გაეხვნენ იმიტომ, რომ ლაპარაკობენ ჰუმანურობაზე, „კავკასიური ცარცის წრეზე“, რომელიც 80% არც არის ამ სპექტაკლზე ნამყოფი, წიგნებიც არ აქვთ წაკითხული, თვითონ აღიარებენ,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სისტემის სტაბილურობის დაკარგვის ეშინია და შესაბამისად, მას საზოგადოებაზე რევანში სჭირდება, რომ იგივე კალაპოტში დაბრუნდეს.

„ამიტომ ისინი მოსინჯვას აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით, თუ სად განახორციელონ თავიანთი რევანშისტული მოქმედებები. ათას სიგიჟეს მოიფიქრებენ და ცნობილი „კაგებეშნიკური“ ტექნოლოგიებით იმოქმედებენ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო