„ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს ტყუილში უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა IBP” ამხელს.
როგორც ის აღნიშნავს, პრემიერს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ მიერ მომზადებული კვლევის "რუსული კანონის" მიღებისა და მომიტინგეების დარბევის "გასამართლებლად" გამოყენებაში სდებს ბრალს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის ტყუილში ამხილეს. ირაკლი ღარიბაშვილს უკვე უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა IBP” ამხელს. ორგანიზაცია განცხადებაში მიმართავს პრემიერ ღარიბაშვილს და "ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის" მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს მას. რაც ყველაზე სამარცხვინოა, პრემიერ-მინისტრად წოდებულს, მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ მიერ მომზადებული კვლევის "რუსული კანონის" მიღებისა და მომიტინგეების დარბევის "გასამართლებლად" გამოყენებაში სდებს ბრალს.
IBP-ში ამბობენ რომ, სწორედ ქმედითი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის არსებობის შედეგია ის რომ, საქართველო მოწინავედ ითვლება საბიუჯეტო გამჭვირვალობის რეიტინგებში. სწორედ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთანამშრომლება IBP ადგილზე საქართველოში. ასეთი ორგანიზაციების შეზღუდვა პირდაპირ ნიშნავს, გამჭვირვალობის გაუარესებას, შესაბამისად რეიტინგში ვარდნასაც.
ეს ფაქტი გადის ყველა ჩარჩოდან, ასეთი ტყუილები, სამწუხაროდ, ჩირქს ცხებს საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ინსტიტუციების სტაბილურობასა და იმიჯს საერთაშორისო ინვესტორების თუ პარტნიორი ორგანიზაციების თვალში.
ჩვენ არ გვაწუხებს პრემიერ-მინისტრად წოდებულის რეპუტაცია, რომელსაც მისი უფროსი, რასაც უნდა იმას ეძახის, თუმცა „ლელოსთვის“ და ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების საერთაშორისო რეპუტაცია. სწორედ ამიტომ მინდა, მოვუწოდო ამ სუბიექტს, პრემიერს, ლოკალურ მასშტაბს მაინც დასჯერდით და შეწყვიტეთ საერთაშორისოდ ტყუილების ტირაჟირება! ასეთი განცხადებები არამხოლოდ ევროინტეგრაციას, არამედ ჩვენს ეკონომიკურ მომავალს ასამარებს წლებით.
აქვე ყურადსაღებია, უმსხვილესი Heritage Foundation -ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა მთელი 3,1 პუნქტით შემცირდა და ჩვენი ჯამური რეიტინგი ამით გაუარესდა. ფონდი შემაშფოთებლად აფასებს ქვეყანაში მზარდ ელიტურ კორუფციასა და ინსტიტუციების დასუსტების ტენდენციას“, - აცხადებს დათუნაშვილი.