შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური ფარისევლობაა გულაგების შემქმნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან რომ ცდილობს საკუთარი თავი გააიგივოს

რაც შეეხება მიტინგების თუ აქციების დაანონსებას, პოლიტიკური ფარისევლობაა გულაგების შემქმნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან საერთოდ რომ ცდილობს საკუთარი თავი გააიგივოს, ამ მნიშვნელოვან თარიღთან. ისინი ამით აჩვენებენ იმას, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ შორი-ახლოს მათივე ყოფნით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს 9 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ აქციასთან.

შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით ან მოხვედრის გზით იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ხდებოდა ღირსების აყრა და ძალადობა. მისი თქმით, ეს მაშინდელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმე იყო.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია, გულაგების სისტემის შექმნა და ადამიანის ჩაგვრა. სხვათა შორის, ამას დღესაც ვხედავთ. დღესაც ოპოზიციიდან ზუსტად იგივე აქვთ, ის ფაშისტური კამპანია, რაც აწეული აქვთ ადამიანების, მათი ოჯახის წევრების მიმართ, როდესაც პირდაპირი მუქარა და მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობა მიდის, ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი სხვაობაა ის, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ამ თავის ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავიანთ ბრჭყალებს და ზუსტად იმ გულაგების სისტემას აღადგენენ, რომელიც მათ საქართველოში ჰქონდათ დამკვიდრებული. რაც შეეხება ამ მიტინგების თუ აქციების დაანონსებას, პოლიტიკური ფარისევლობაა გულაგების შემქმნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან საერთოდ რომ ცდილობს საკუთარი თავი გააიგივოს, ამ მნიშვნელოვან თარიღთან. ისინი ამით აჩვენებენ იმას, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ შორი-ახლოს მათივე ყოფნით. ამიტომ რეაქცია ამ ყველაფერზე მარტივია, საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ბევრჯერ დაანახა, რომ მათი რადიკალური ქმედებები მიღებული არ იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ახლაც იგივე პრობლემაა, რაც იყო მანამდე, მიხეილ სააკაშვილი 2018 წლიდან იყო სასჯელმისჯილი, თუმცა ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ყოველ მეორე დღეს საქართველოში ჩართვა ჰქონდა და პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკაში, როგორც უკრაინის მოქალაქე, სასჯელმისჯილი ადამიანი. პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის ეს ქცევა წახალისებული იყო, იმიტომ, რომ მას სხვადასხვა დედაქალაქში ხვდებოდნენ, სხვადასხვა სემინარზე ეპატიჟებოდნენ.

„ჩვენ, მთელი ეს წლები, მათ შორის ჩვენ ევროპელ კოლეგებს ვაფრთხილებდით, რომ ის რადიკალიზმი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ორკესტრირებული და ის, რომ მისი გადმოცემა არ ხდება საქართველოსთვის, ადამიანის, რომელმაც მკვლელებს ხელი დააფარა და დეპუტატი აცემინა, ეს ჩვენთან ახალისებდა და აძლიერებდა რადიკალიზაციას. დღესაც იგივე სიტუაცია გვაქვს, სამწუხაროდ. დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები, რომელთა წინააღმდეგ საქართველოში სასჯელია გამოტანილი, ეს ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან და იქიდან მართავენ აქ, რადიკალურ პროცესებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს წარსულისგან, ვინც საქართველოს მეგობრად თავს თვლის. ამ ადამიანებს პლატფორმა და „პიედესტალი“ კი არ უნდა მისცეს იმისათვის, რომ საზღვარგარეთიდან აქ არიონ სიტუაცია, ვხედავთ ამ რადიკალიზაციის შედეგები რაც არის, ვნახეთ, თუნდაც ბოლო დღეებში, ამის ნაცვლად ეს ადამიანები მართლმსაჯულებას გადასცენ. ეს იქნება ზურა ადეიშვილი, რომელმაც გულაგების სისტემა ააწყო საქართველოში, ეს იქნება დავით კეზერაშვილი, რომელმაც საქართველოს ჯარისგან მოპარული ფულით დოვლათი და საკუთარი, პირადი ქონება შექმნა. ამ ადამიანების საქართველოსთვის გადაცემა მნიშვნელოვანია. პირიქით, ამ ადამიანების შეფარება საქართველოს მიმართ არამეგობრული საქმეა“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა