საქართველოში ვიზიტით მყოფი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა.
„ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რაც მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც ასევე ეხმიანება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ დინამიკას. კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას ჩვენს რეგიონში. როგორც იცით, იანვარში პატივი მქონდა ორმხრივი ვიზიტით ვწვეოდი ლონდონს და ჩემს კოლეგასთან განგვეხილა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
დღეს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი, რაც დაფუძნებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე. ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, ბრიტანეთის ძალისხმევა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში. ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში განსაკუთრებით ვაფასებთ ლონდონის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მედეგობის გაძლიერების მიმართულებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
„აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. გავცვალეთ ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გაწეული აქტიური ძალისხმევის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები. სახელმწიფო მდივანი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და საკუთარი თვალით იხილავს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ბრიტანელ კოლეგასთან შედგა გულწრფელი და ამომწურავი საუბარი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს უპირობო მხარდაჭერის შეუქცევადობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.