80-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერილი წერილი, რომელთაც პირადად გამოცადეს რუსეთში დრაკონული კანონის შედეგები, ადასტურებს, რა მნიშვნელოვანია გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა და რამდენად მზაკვრული იყო "ქართული ოცნების" განზრახვა,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, წერილს ხელს აწერენ რუსი უფლებადამცველები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.
მისივე თქმით, წერილის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთშიც ამ კანონის მიღების არგუმენტად სწორედ გამჭვირვალობა სახელდებოდა.
"ეს არის წერილი, რომელიც გამომიგზავნეს და მთხოვეს ქართული საზოგადოებისთვის გამეცნო. 80-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც პირადად გამოცადეს ამ დრაკონული კანონის შედეგი რუსეთში, რომელთა დიდი ნაწილი დღეს რუსეთში ვეღარ ცხოვრობს, რადგან სწორედ ამ კანონის მეშვეობით ისინი, ვინც ვერ მოკლა და ვერ მოწამლა, პუტინის რეჟიმმა საკუთარი სამშობლოდან გააძევა დეტალურად ყვება, რომ როცა რუსეთში მოხდა მისი ინიცირება, ზუსტად იგივე იყო არგუმენტი, რომ თითქოს ის იყო ამერიკული კანონი და აქ ნათლად წერია, რომ მათ მხოლოდ სახელი ჰქონდათ საერთო და მეტი არაფერი, ასევე წერია, რომ კანონი, რომელიც საქართველოში იხილებოდა, არის რუსული კანონის ანალოგი, რომელსაც მათ კარგად იციან, რა დამანგრეველი შედეგები ჰქონდა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უნდოდათ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე გაეყვანათ და დღეს უწევთ სხვა ქვეყნებში ცხოვრება, რადგან პუტინის რეჟიმი მათ დღემდე დევნის. ეს წერილი ადასტურებს, რა მნიშვნელობის იყო ის გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა და რამდენად მზაკვრული იყო "ქართული ოცნების" განზრახვა, ეს წერილი პირველწყაროებიდან, ამგვარი კანონების მსხვერპლების ხელმოწერილი წერილია და მნიშვნელოვანია, ის დარჩეს ისტორიას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, თუმცა, ეს წერილი და მიმდინარე მოვლენები უნდა გვახსენებდეს, რომ უნდა დავრჩეთ ფხიზლად, რადგან გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი ქართველი ხალხის ხელით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.