ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს არის რადიკალიზმის პირდაპირ წახალისება და რა თქმა უნდა, თუ რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ, მე ვწუხვარ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტს.
მისი თქმით, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა რადიკალურ ჯგუფებს დამატებით ენერგიას აძლევს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს.
„სხვა დროსაც იყო შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორე მხრივ - ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, ეს იქნება შეხვედრები თუ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს იმედგამაცრუებელია. გარდა შეხვედრებისა და ხელის ჩამორთმევისა, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა რადიკალურ ჯგუფებს დამატებით ენერგიას აძლევს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ ასევე საერთაშორისო აქტორებსაც თავისი წვლილი აქვთ. ამიტომ, ყველა აქტორმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს და იმის ნაცვლად, რომ საქართველოში რადიკალები წაახალისოს, პირიქით, კონსტრუქციული თანამშრომლობა წაახალისოს და რადიკალებს უარი უთხრას. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა ენერგიის დამატებით პორციას აძლევს რადიკალებს. ხელის ჩამორთმევა არის ერთი საკითხი, თუმცა, მეორე არის ის დაფინანსებები, რომელიც პირდაპირ რადიკალურ ჯგუფებში მიედინება. ჩვენ ვიცით, თავად „დროას“ აქვს აღიარებული, რომ ის ერთ-ერთი ფონდიდან ფინანსდება, რომელიც ევროპარლამენტის წევრების ხელმძღვანელობით არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფინანსები მიემართება რადიკალურ პარტიებში. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, როდესაც შექმნილია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე სახელწოდებით, როგორიც არის „დროა“ და ამ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციით ხდება უცხოური დაფინანსების მიღება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან განმარტა, როგორც საქართველოში, ისე სხვა ყველა ქვეყანაში პარტიებს აკრძალული აქვთ უცხო წყაროებიდან დაფინანსების მიღება და "ვხედავთ, რომ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებით კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმია შექმნილი". პაპუაშვილის თქმით, იგივე ეხება სხვა პარტიებს და ასეთი სტრუქტურები შექმნილი აქვთ „გირჩს“, „ევროპულ საქართველოს“ და ა.შ.
„სტრუქტურები პირდაპირ შექმნილია იმისთვის, რომ გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და უცხოური წყაროდან დაფინანსდნენ. რა თქმა უნდა, ამაზე განმარტება უნდა გააკეთონ, როგორც ამ პარტიებმა, ისე იმ ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც მათი მიერ არის დაფუძნებული და ასევე, ევროპულმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში გაუმჭვირვალედ დებენ ფულს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას 12 - პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე და ამ მხრივ, ოპოზიციის ჩართულობაზე. მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და ჩართულობა ყველა მხარისთვის შესაძლებელია.
„დრო გავიდა და არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ისინი ვაგონს ვეღარ ამოახტებიან. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში და ამის ნაწილი იყვნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.