პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი ვასილ ურუშაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, რათა 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე, „სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხი საფუძვლიანად გამოიძიონ და ყველა ის პირი, რომელიც მოქალაქეების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისაჯოს“.
როგორც ვასილ ურუშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქიული კლანის მმართველობის პირობებში“ რომელიმე უწყება დანაშაულებს დამოუკიდებლად გამოიძიებს, არ აქვს. მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, ყველა დანაშაული დაფიქსირდეს, რათა მომავალში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე ვიყავი. საგამოძიებო სამსახურს მე ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, რომ აქციის დარბევას გამაფრთხილებელი სიგნალი წინ არ უძღოდა. ამან მოქალაქეებში ჯანმრთელობისა და ფიზიკური დაზიანებები გამოიწვია. მოქალაქეებს ჟანგბადის უკმარისობა, ასთმური და პანიკური შეტევები ჰქონდათ. ათეულობით ადამიანს არ შეეძლო გადაადგილება, კარგავდნენ გონებას და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. რუსთაველის გამზირზე მყოფი ერთი სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე არსებულ გამოწვევას ვერ უმკლავდებოდა, ამიტომ მე დავრეკე 112-ში და გამოვიძახე რამდენიმე ბრიგადა. 112-ში დაფიქსირებული ჩემი ზარი გახდა იმის საფუძველი, რომ დღეს დაკითხვაზე დამიბარეს.
გამოძიებას მე დამატებითად მივაწოდე ვიდეომტკიცებულებები, სადაც ე.წ. სამართალდამცავების ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ, თვალსაჩინოა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავთ, რათა, აღნიშნული ვითარება საფუძვლიანად გამოიძიონ და ყველა ის პირი, რომელიც მოქალაქეების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისაჯოს. საჭიროა, ერთგვარი პრევენციული ღონისძიებები, რათა ამ ქვეყანაში „რობოკოპების“ მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.