მაშინ, როდესაც ამ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე, როდესაც ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს, საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ; მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პუტინისათვის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას.
"ეს ხომ ერთ რამეს გვაჩვენებს, თუ რამდენად ყალბი იყო ის ბრალდებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ მაშინ გამოიწვიეს. მაშინაც ზუსტად ამ ტყუილებით, როგორც ახლა, რომ თითქოს რუსული კანონი იყო, ახლა ყოფილი და მაშინ მოქმედი სახალხო დამცველი საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ხელისუფლება - მე არ წარმომადგენსო. აქამდე მიიყვანეს ხალხის ნაწილი, რომ ეთქმევინებინათ, რომ მათი ხელისუფლება არ წარმოადგენს მათ. ზუსტად, იმ მომენტში ის ხელისუფლება მათ წარმოადგენდა, როდესაც ხელს აწერდა ამ განაცხადს და იყო 38 ქვეყანას შორის და არა 123 ქვეყანას შორის, რომლებსაც, ასევე შეეძლოთ, რომ ხელი მოეწერათ ამ განცხადებისთვის,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.