დასავლეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რეგიონში ამ ფორმატის პოპულარიზაციას უწევს.
მისივე თქმით, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ჩართულობაზე და თბილისისთვის კარი ღიაა, ხოლო მონაწილეები მეორე შეხვედრის გამართვაზე ფიქრობენ.
„დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება. დასავლეთი ცდილობს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სერვისები მოახვიოს სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას. ამგვარად, ის თავის პრეტენზიას აცხადებს - განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, თავისი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს“ , - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ამ გეოპოლიტიკურ გეგმებთან ერთად, დასავლეთი ფინანსურად უჭერს მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ეწევიან საქმიანობას, რაც ახალი „ფერადი რევოლუციისთვის“ მზადებას უკავშირდება და ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია.
„ისინი საუბრობენ საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს, ცდილობენ იგივე რუსეთის, ირანის ქმედებების დისკრედიტაციას. ამიტომ, ახლა ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას და აუცილებლობას დიალოგის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაზე, ისევე როგორც ბევრ სხვაზე, ისევე როგორც საერთაშორისო, რეგიონული დღის წესრიგის საკითხები“, - განაცხადა ლავროვმა.