არავინ არ ელოდება, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დალაგდება, სინქრონს მოახერხებს და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება, - ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე.
იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ენდობიან, რადგან ერთმანეთისთვის ნდობის საფუძველი არცერთს არ მიუციათ.
„მე არ მგონია, რომ მაგ მიმართულებით უნდა ვიაროთ, რომ ერთად შევიკრიბოთ პოლიტიკოსები, პირიქით, გულწრფელად უნდა დაველაპარაკოთ ხალხს, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკოსებს ბევრი რამ არ აქვთ ერთმანეთთან საერთო. მეტსაც გეტყვით, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ერთმანეთს უბრალოდ მტრად მიიჩნევს, ჩვენც ბევრი ასეთ არაგულწრფელი მეგობარი გვყავს პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ არავინ არ ელოდება, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დალაგდება, სინქრონს მოახერხებს და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება, მე მგონი, საერთოდ პირიქით უნდა შევხედოთ სიტუაციას, ყველას გვესმის, რომ ერთმანეთის მტრები ვართ და მოდი ისეთ წესრიგი მოვიფიქროთ, რომ მტრებმა ერთმანეთს ვერ დავუშავოთ. ჩვენ თუ ასე არ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, მანამდე ვერანაირი ერთიანობა ვერ გამოვა. ზუსტად ვიცი, რომ დღეს რომ ოპოზიციაში მოძრაობს იმ ხალხის უდიდესი ნაწილი ხელისუფლებაში რომ მოხვდეს, მე დამიჭერს, როგორ შეიძლება მე მათ ველაპარაკო პოლიტიკურ მეგობრობაზე, როცა ვიცი, რომ მეგობრები არ არიან, მტრები არიან, მე მათთან მტრობაზე მინდა ლაპარაკი. აქეთა მხარე ერთმანეთს არ ვენდობით, არც უნდა ვენდობოდეთ, ჩემთვის არცერთს არ მოუცია ნდობის საფუძველი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რატომ არ მოხვდა პარტია „გირჩი“ გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებულ პარტიებში, რომლებიც აღნიშნული იდეის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ, იაგო ხვიჩია პასუხობს: „იმ ბუკეტს არ ვუხდებით, სხვანაირი ხალხი ვართ, სხვანაირი ხასიათებით გამოვირჩევით“. „მე კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ვიყავი იმ საქმეზე, როდესაც ბატონი მარგველაშვილი ავტორიზაციას ართმევდა. შესაბამისად, მე არ ველოდები, რომ მარგველაშვილს ჩემთან მოუნდება თანამშრომლობა. მე ძალიან კარგად მახსოვს, არ მაქვს ცუდი მეხსიერება, რომ ეგ დამავიწყდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.