„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ევროპარლამენტარების ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებენ

პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა" ევროპარლამენტარების ვლად გიორგესა და კარენ მელქიორის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებენ.

წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან პრემიერის მუქარით, რომ „უმკაცრესად დაისჯებიან“, ვინც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა.

ევროპარლამენტარების თქმით, თუკი რამე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლით, წიწაკის "სპრეითა" და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები.

„პატივცემულო ბატონო ღარიბაშვილო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენი მიმართვა ეხება თქვენ მიერ ტელეკომპანია „იმედზე“ 12 მარტის ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ თქვენი მუქარით, „უმკაცრესად დასაჯოთ“ და გაასამართლოთ ისინი, ვინც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა. მათ განახორციელეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება პროტესტისა, რაც ევროპული დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მათი ამ გამარჯვების შედეგად მათთვის მილოცვა გვმართებს.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სამართლიანად აცხადებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუკი რამე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლებით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები. ასევე ანტიკონსტიტუციურია დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 133-დან 165-მდე ადამიანს მოიცავს.

ჩვენ გვჯერა, რომ ნაცვლად მათი „დასჯისა“ და დემონსტრანტების ნებისმიერი სახის სამართლებრივი შევიწროებისა, საქართველოს მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ უცხოელი აგენტების კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და რომ მიმდინარე ომის პირობებში საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა ბოდიშს მოუხდის მათ, ვინც უსამართლოდ გახდა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი და ვინც უსამართლოდ იქნა დაკავებული. და ბოლოს, ჩვენ ველით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ყველა იმ საკანონმდებლო პროცესის საჯარო კონსულტაციაში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.

ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, ევროკავშირი დიდი გულისყურით აკვირდება რუსი ინდივიდებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს და არ მოითმენს საქართველოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ინსტრუმენტალიზაციას სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარები, გულთან ახლოს ვიღებთ საქართველოს ბედს და ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას.

საქართველოსთვის ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას და ის გზები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ეპყრობა დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს იქნება ის, რაც განსაზღვრავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა და სწორედ ამიტომ ველით, რომ საქართველო დაგვანახებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მას დააახლოებს ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ჩვენ გვაქვს ამ საკითხის მიმართ თქვენი განსაკუთრებული ყურადღების იმედი," - აღნიშნულია წერილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს