„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, კონკრეტული პირის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველ მიმოწერასთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელში მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი.
სამხარაძე აღნიშნულს „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და მათ „ფაშისტ ლიბერალებს“ უწოდებს.
„გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, „ნაცების“ შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? „ნაცებო“, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ჰოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური „ფეიკებისთვის“ გამოგიყენებენ!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.