მე ასე ვიტყოდი, რომ უკვე ვასალური დამოკიდებულება აქვს რუსეთს ჩინეთის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, პარტია „ევროპელი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთისთვის რუსეთი სასოფლო-სამეურნეო და ნედლეულის ბაზაა.
გამყრელიძის განცხადებითვე, რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთს არ აქვს ატომური წყალქვეშა ფლოტი, რომელიც არაა გამორიცხული, რომ პეკინმა მოსკოვისგან იყიდოს.
„სამხედრო თვალსაზრისით აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რუსეთს ჰყავს ატომური წყალქვეშა ფლოტი, რომელსაც ახლა კიდევ მოდერნიზებას უტარებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთი იყიდის მათგან [ატომური წყალქვეშა ფლოტს] მომავალი დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთს თვითონ აქვს პრობლემები წყნარი ოკეანის რეგიონში. ახლა, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში ჩადის.
უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩინეთის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმაზე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ „არანაირი გეგმა ეს არ არის“.
„ჩინეთის 12 პუნქტიანი დოკუმენტი - ეს არის ჩინეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, არანაირი გეგმა არ არის, არც პრეტენზია არა აქვთ რომ შესრულდეს ეს გეგმა. გადასარევად ხვდებიან, რომ შეუსრულებელი გეგმაა სრულიად. ეს უბრალოდ საიმიჯო პროექტია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე საუბრისას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ „პუტინი რომ ძებნილია, ეს ჩინეთს არ უშლის ხელს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“.
„ჩინეთი არ ცნობს რომის სტატუტს. ასევე არ ცნობს ინდოეთი. მართალია ამერიკას ხელი აქვს მოწერილი კლინტონის დროს, მაგრამ მათ არ აქვთ რატიფიცირებული. არ აქვს რატიფიცირებული უკრაინას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალურმა მდივნის თქმითვე, ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს ახასიათებს ერთი თვისება - მან უნდა მოახდინოს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაცია უცხოეთში იმიტომ, რომ შიგნით ის ლეგიტიმური არასდროსაა.
„ახლა „დიდი ოცეულის“ სამიტი, რომ უნდა ჩატარდეს სამხრეთ აფრიკაში, იქ პუტინი ვეღარ ჩავა მიუხედავად, რომ ნათქვამი ჰქონდა ჩვენ ჩავალთ იმიტომ, რომ მთელი აფრიკის, სამხრეთ ამერიკის კონტინენტი რომის სტატუტს იზიარებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რთული საკითხია ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის დაკავება, თუმცა, მისი განცხადებით, „თუ თავის დროზე სუდანის მოქმედი ლიდერი დაიჭირეს და გადასცეს ჰააგის სასამართლოს, რატომ პუტინი არა?!“
„რა თქმა უნდა, ეს რთული საკითხია შესრულებისათვის იმიტომ, რომ ბირთვული სახელმწიფოს ლიდერის დაჭერა ასეთი მარტივი არ არის. მეორე მთავარი საკითხი არის ის, რომ უხერხულობა ექმნებათ უკვე იმ ქვეყნებს, რომლებსაც მასთან ურთიერთობა უწევთ, ასე, რომ ყველა მოერიდება პუტინთან ურთიერთობას. რაც მთავარია უხერხულობა შეექმნა თვითონ კრემლს. ძებნილი ლიდერი რომ გყავს შენ სათავეში, უკვე შენც პრაქტიკულად ძებნილი ხარ“, - დასძინა გამყრელიძემ.