სამართლებრივ პროცესთან გვაქვს საქმე და ამ პროცესის პოლიტიკური შეფუთვა ვერ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რითაც დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიადგა ზიანი და უწყება ვალდებული იყო ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა.
"ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ - ის, რომ წვრთნები არ ჩატარებულა და ოფშორულ ზონაში მიზნის გარეშე, დაიხარჯა 5 მილიონზე მეტი. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო სწორედ ამ განაჩენიდან გამომდინარე ეწარმოებინა სამოქალაქო საქმე ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სწორედ ამ სამართლებრივ პროცესთან გაქვს საქმე და არანაირი პოლიტიკური შეფუთვა ვერ მოხდება ამ პროცესის. წმინდა სამართლე რიგი პროცესია. განაჩენია, რომ მიადგა ზიანი თავდაცვის სამინისტროს და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, მოგვეთხოვა ზიანის ანაზღაურება. როგორც კი მივიღეთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი, მაშინვე შევიტანეთ სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში", - განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.