სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესში კონგრესის 44-ე სესია მიმდინარეობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას - თათია ნიკოლაშვილი და სევდია უგრეხელიძე წარმოადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ოზურგეთის საკრებულოს წევრი, თათია ნიკოლაშვილი, რომელმაც ისაუბრა რუსეთის გენოციდზე საქართველოსა და უკრაინაში.
„რუსეთის აგრესია და გენოციდი არ არის ახალი ცივილიზებული სამყაროსთვის, უბრალოდ რიგ შემთხვევებში, ბიუროკრატები ამაზე თვალს ხუჭავდნენ და თვლიდნენ, რომ ეს მათ არ ეხებოდათ.
მე ვარ საქართველოდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს პუტინის რუსეთს. მათ გადაწყვიტეს გაენადგურებინათ უკრაინა, აეღოთ კიევი და საბოლოოდ დაეპყროთ მეზობელი სახელმწიფო, თუმცა პუტინი შეცდა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა მისი ბოროტების წინააღმდეგ, სადაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება“, - აღნიშნა მან.
თათია ნიკოლაშვილი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 7-8 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და პროტესტს.
„ამასობაში, 7-8 მარტს მსოფლიომ იხილა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა „რუსულ კანონს“, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობითა და პროტესტით, რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მოუწია ამ კანონის უკან წაღება“, - დასძინა მან.
თათია ნიკოლაშვილმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.
„პოზიტიური ცნობაა პუტინის, ომის დამნაშავედ გამოცხადება და მისასალმებელია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ფაქტობრივად კრემლში გამოკეტა ტერორისტი პუტინი.
ამის პარალელურად კი, კრემლიდან მართულ ხელისუფლებასა და ივანიშვილს, მძევლად ჰყავს აყვანილი, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი - მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიოს დასანახად წამებით კლავს მას.
არ უნდა დავუშვათ პროდასავლელი, რეფორმატორი ლიდერის მკვლელობა პუტინის საამებლად.
ასევე, ივანიშვილს პატიმრობაში ჰყავს თავისუფალი მედიის დირექტორი - ნიკა გვარამია”, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მან თავისი გამოსვლა დაასრულა უკრაინელი ხალხის სოლიდარობით და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ უსამართლო ბრძოლაში ქართველი ხალხი არის უკრაინელების მხარეს და ასევე მადლობა გადაუხადა იმ ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში წინა ფრონტზე იბრძვიან და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად, საქართველოს თავისუფლებასაც იცავენ;
„ქართველი ხალხი ვაგრძელებთ ბრძოლას და იმედით შევყურებთ გმირ უკრაინელ ხალხს, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ ბოროტებაზე.
ამაყი ვარ, რომ ამ უთანასწორო ომში, უკრაინის მშვიდობის მხარეს, იბრძვიან ქართველი მებრძოლებიც და მინდა ქედი მოვიხარო ყველას წინაშე, ვინც ახლა ფრონტის ხაზზე იცავს და იბრძვის თავისუფლებისთვის.
დიდება უკრაინას !
დიდება საქართველოს!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თათია ნიკოლაშვილმა.