თუ ვინმეს ჰგონია, რომ პირდაპირ „ჩოქბჯენის“ პოზაში დგომა უსაფრთხოებას მატებს ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ჰააგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, თუ ასეთი ფაქიზები არიან უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპთან დაკავშირებით, უპრიანი იქნება, ეს პრინციპი ოპონენტებზე საუბრისას გამოიყენონ.
„მაინც და მაინც ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინა საქართველოს წარმომადგენელს, იმ ქვეყნის, რომელმაც სასტიკად იზარალა სწორედ აი, ამ დამნაშავე ადამიანის მხრიდან? ეს არანაირად არ არის გამართლებული პოლიტიკურად.
მინდა ვურჩიო, თუ ასეთი ფაქიზები არიან ისინი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპთან დაკავშირებით, უპრიანი იქნება, უფრო ყურადღებით და ზუსტად გამოიყენონ ეს პრინციპი საშინაო საქმეებშიც. ჩვენ ხომ ვიცით, რა ეპითეტებით და ბრალდებებით ამკობენ თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. მე ახლაც მახსოვს, როდესაც ყბადაღებული საქმე აღიძრა აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, გახსოვთ პრემიერ-მინისტრის საათნახევრიანი ინტერვიუ? სადაც მან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ბრალი დასდო ექსპერტებს, პოლიტიკურ ლიდერებს და პარტიას, რომ მათი დავალებით ხდებოდა საქართველოს ინტერესების გაყიდვა, სად იყო მაშინ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მარტო პუტინზე ვრცელდება თუ როგორაა ეს საქმე.
კობახიძის ყოველი ბრიფინგი როგორი აგრესიით და ბრალდებებით გამოირჩევა. სადაა უდანაშაულობის პრეზუმფცია. გამოდის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია კი არ აინტერესებთ, რაღაც სხვა მოსაზრებები ამოძრავებთ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პირდაპირ „ჩოქბჯენის“ პოზაში დგომა უსაფრთხოებას მატებს ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, პირიქით, ეს ზრდის ცდუნებას და სურვილებს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მაქსიმალურად ხისტად და სწრაფად დაიმორჩილონ“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა.
მისივე თქმით, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდება საკმარისი არ არის.