ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, ყალბია. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აფხაზურ გამოცემა „ნუგნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ზუსტად და ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან არავინ უბიძგებს საქართველოს ომისკენ და აშშ-ს ელჩმა თბილისში არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ს მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“ , - განაცხადა მან.
კლაარის თქმით, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას, რაც არ უნდა ეთქვათ“.
„მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რაიმე აგრესიულ განზრახვას“, - განაცხადა მან.
დიპლომატმა მოიყვანა ერგნეთში გამართული შეხვედრის მაგალითი, სადაც „სამხრეთ ოსური“ მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიტუაცია ახლა გაცილებით მშვიდია, ვიდრე ადრე.
ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, კლაარმა თქვა, რომ „ამჟამად არც სოხუმი და არც თბილისი არ არიან მზად და არ შეუძლიათ ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება“.
„ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და შესთავაზონ ერთმანეთს სასაუბრო თემები. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ მეორე მხარის პრიორიტეტების განსახილველადაც“, - დასძინა მან.
კლაარი ამბობს, რომ სოხუმს ეწვია როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და არა როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაშა აშუბასთან და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან სერგეი შამბასთან.
„ჩვენ ასევე ვითხოვეთ შეხვედრა ასლან ბჟანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ავად გახდა. ინალ არძინბამ საბოლოოდ ჩვენი შეხვედრა არ დაადასტურა. სამწუხაროა, რომ ვერ შევხვდით ბატონ არძინბას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი შეხვედრა მომავალშიც იქნება“, - დასძინა მან.
კლაარმა დაადასტურა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 4-5 აპრილს გაიმართება. ის ამბობს, რომ დისკუსიების სხვაგან გადატანის მიზეზს ვერ ხედავს. მანამდე აფხაზეთის ხელისუფლებამ მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.