გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური მიიღებს პატიმარ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ვივამედის“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ალბათ, ყველა ექიმთან და ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სად იქნას გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი.
„გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური მიიღებს პატიმარ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა „ვივამედისა“, სხვა ექიმები, კონსილიუმებიც იყვნენ ჩართული მის მკურნალობაში და ალბათ, ყველა ექიმთან და ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სად იქნას გადაყვანილი სააკაშვილი.
სააკაშვილმა ფაქტობრივად პატიმრობის 8 თვე გაატარა ციხეში, მათ შორის ნაწილი გორის ჰოსპიტალში და იქაც 24 - საათიანი კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და პატიმრობის 8 თვეზე მეტი, ანუ 10 თვე გატარებული აქვს „ვივამედში“, ოროთახიან პალატაში, აქედან გამომდინარე, თუ რამეს საჭიროება იქნება, მას არაფრის პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება, არც მედიკამენტის, არც ექიმის, არც ვინმეს შეშვების“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისივე განცხადებით, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ეს საკითხი დახურულია.
„კანონმდებლობა ვინმეს სადმე გადაყვანას, გაგზავნას, ტრანსფერს, ჰუმანიტარულ თუ ფეხბურთის გუნდში გადაყვანას არ ითვალისწინებს. რასაც ითვალისწინებდა კანონმდებლობა, ამაზე იმსჯელა სასამართლომ, სხვათა შორის მეორე ინსტანციამაც, და დახურულია ეს საკითხი. გლდანზეც როცა ვსაუბრობთ, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი და არა საკანში და ახლაც თუ გლდანის ჰაერი არ მოსწონს, შეიძლება იყოს რომელიმე სხვა კლინიკა, ან გორის ჰოსპიტალი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა, პენიტენციური დაწესებულება პირველ რიგში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბოჟაძემ.