სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საავადმყოფომ გადაწყვიტა ხელი დაიბანოს ან ეს არის მასზე ზეწოლის და ახალი თემის გააქტიურების მცდელობა, რადგან ხელისუფლება ჩიხშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც "ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი თემების წამოჭრა და მათ შორის, შეიძლება ამას ემსახურებოდეს "ვივამედის" განცხადებაც.
"ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი არის ცალსახად დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენით, ყველას ესმის, რომ ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც ასევე უქმნის სერიოზულ გამოწვევებს საქართველოს ევროპული დღის წესრიგის თვალსაზრისით. "ვივამედის" განცხადება ჩემი აზრით ან აჩვენებს იმას, რომ მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ როგორც ჩანს საავადმყოფომ გადაწყვიტა ხელი დაიბანოს მის მდგომარეობაზე ან ეს არის ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა პატიმარზე და მცდელობა, რომ ეს თემა გააქტიურონ, რადგან ახლა ხელისუფლება არის ჩიხში შესული, აშკარად გამოჩნდა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკოსის და პარტიის მხარდამჭერია კონკრეტული მოქალაქე, ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა მიდის არასწორი და რუსეთის მიმართულებით, ამიტომ დღეს ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი თემების წამოჭრა და მათ შორის შეიძლება ამას ემსახურებოდეს "ვივამედის" განცხადება,"- განაცხადა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ვივამედი“ აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.