თუკი მომავალში უფრო და უფრო გაუარესდება [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკამ წინასწარი განცხადებით თავი დაიზღვია და რეალურად თავს იმართლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ყველა მეთოდი გამოიყენოს, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ არ გაუარესდეს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც კლინიკა „ვივამედის“ მიერ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე მთლიანად პოლიტიზებული იყო და სწორედ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დარღვევა, რომ ამ საქმის პოლიტიზება დაუშვა.
„ვივამედი“ ვერ მოიხსნის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვს. ეს იყო ერთგვარი წინმსწრები განცხადება - თუკი მომავალში უფრო და უფრო გაუარესდება [მიხეილ სააკაშვილი] ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკამ წინასწარი განცხადებით თავი დაიზღვია და რეალურად თავს იმართლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ყველა მეთოდი გამოიყენოს, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ არ გაუარესდეს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ მოხდეს მისი საქმეების განხილვა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან არა ერთი დარღვევა იყო მის საქმეში, რომელიც უკავშირდებოდა პროცედურულ უფლებებს. იმის ნაცვლად, რომ ყველა ზომა ყოფილიყო გამოყენებული იმისთვის, რომ იმ კითხვებზე გაცემულიყო პასუხი, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობდა საზოგადოებაში პირიქით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რეალურად ამ კითხვებს არ გასცემოდა პასუხი და გაჩენილიყო კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი. იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოხდა საქმის პოლიტიზება. პოლიტიკოსები პირველივე შემთხვევიდანვე აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ როდესაც სამედიცინო პერსონალს უნდა გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. მთლიანად პროცესი იყო პოლიტიზებული და სწორედ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დარღვევა, რომ ამ საქმის პოლიტიზება დაუშვა და ეს დაუშვა იმ დროს, როდესაც ექიმებს, სამედიცინო პერსონალს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი დასკვნები მიეღოთ.
იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ გააგრძელებს ამ სვლით მუშაობას და მიიღებს მხედველობაში იმ გარემოებებს რაც არის შექმნილი და ეცდება, რომ ეს საკითხი რაღაც დონეზე გადაწყდეს. იმედი მაქვს, ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც კლინიკა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს მიმართავს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.